რეჟიმის შესახებ
დღეს საქართველოს მართავს ოლიგარქ ბიძინა ივანიშვილის ძალა — „ქართული ოცნება", რომელსაც მიტაცებული აქვს საქართველოს ხელისუფლება და მისი ყველა შტო. 2024 წლის საპარლამენტო არჩევნები არც ერთ საერთაშორისო და ადგილობრივ სადამკვირვებლო ორგანიზაციას არ შეუფასებია როგორც დემოკრატიული, თავისუფალი და სამართლიანი. ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციების შეფასებით, ეს არჩევნები ვერ ჩაითვალა ქართველი ხალხის ნების გამოხატულებად; შესაბამისად, საზოგადოება მოითხოვს ახალ, თავისუფალ არჩევნებს.
2024 წლის 28 ნოემბერს „ქართული ოცნების" პრემიერ-მინისტრმა გააკეთა განცხადება საქართველოს ევროინტეგრაციის შეჩერების შესახებ, რასაც მოჰყვა საქართველოს მოქალაქეების მასშტაბური პროტესტი და წინააღმდეგობა, რომელიც დღემდე გრძელდება. „ქართულმა ოცნებამ" საკუთარი მოქალაქეებისა და სხვადასხვა ჯგუფის წინააღმდეგ განახორციელა უპრეცედენტო მასშტაბის რეპრესიები პროტესტისა და განსხვავებული აზრის ჩასახშობად. ბოლო ორი წლის განმავლობაში რეჟიმმა განახორციელა ათეულობით საკანონმდებლო ცვლილება სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესაზღუდად, ქართული სამოქალაქო ორგანიზაციების, მედიის, ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების, საჯარო მოხელეებისა და სხვა აქტიური ჯგუფების წინააღმდეგ. დღეს „ქართული ოცნება" დღეს იმყოფება საერთაშორისო იზოლაციაში, განიცდის შიდა და გარე ლეგიტიმაციის პრობლემას, ხოლო რეჟიმის წევრები, მათ შორის ბიძინა ივანიშვილი, დასანქცირებულნი არიან დასავლური სახელმწიფოების მიერ.