ხალხის გაზეთი - რეალობისათვის

სინამდვილეში

სინამდვილეში

დათო ტურაშვილი

მობილური ვერსია

სტატიები

თუ ჩვენ მართლა ჩვენი ტრადიციების შენარჩუნება გვინდა, ევროპა არის ყველაზე საიმედო სივრცე, სადაც ამის გაკეთება ყველაზე ადვილია, რადგან ყველა ქვეყანაში, სადაც უკვე ასე მრავლად ცხოვრობენ ქართველები, სახელმწიფო ბიუჯეტიდან აფინანსებენ ნებისმიერ ინიციატივას, რაც დაკავშირებულია ჩვენი ისტორიის, კულტურისა თუ ენის სიცოცხლისუნარიანობასთან.

თანამედროვე ევროპის არსი სწორედ ევროკავშირში შემავალი, სრულიად განსხვავებული ერებისა და ხალხების თვითმყოფადობაზე, მათ განსხვავებულობასა და მრავალფეროვნებაზე ზრუნვაა და ამის გადამოწმება ძალიან ადვილია. ნებისმიერ ქართველს, უკვე ჰყავს ახლობელი, ნათესავი ან მეგობარი ევროპის რომელიმე ქვეყანაში და ნებისმიერ მათგანს შეუძლია მიმართოს ნებისმიერი ქალაქის მუნიციპალიტეტს ნებისმიერი პროექტით, თუ ის ქართული კულტურის შენარჩუნებას ემსახურება და აუცილებლად დააფინანსებენ.

ევროკავშირში შემავალი ქვეყნები და ხალხები, სრულიად განსხვავდებიან ერთმანეთისგან და ამ ერთობის იდეაც სწორედ ამ განსხვავებისა და მრავალფეროვნების შენარჩუნებაც იყო და არის სივრცეში, სადაც საერთო ღირებულებებთან ერთად, სრულიად განსხვავებული ცნობიერების ადამიანები თანაარსებობენ.

თავისუფლების ერთ-ერთი მთავარი განსაზღვრებაც განსხვავებული აზრისა და აზროვნების, ხასიათისა და მენტალიტეტის მიმღებლობაა და, მაგალითისთვის, გერმანია და საბერძნეთიც გამოდგება, რადგან ბერძენსა და გერმანელს არაფერი აქვს საერთო მიუხედავად იმის, რომ ორივენი ევროკავშირის წევრები არიან.

ჩვენ სულ ჩვენი ტრადიციების დაკარგვის შიში გვაქვს და არ ვფიქრობთ, რომ სინამდვილეში, ნებისმიერი ხალხი იმ ტრადიციას კარგავს, რომელსაც თვითონ აღარ თვლის საჭიროდ და სინამდვილეში რომელიმე ტრადიციის შენარჩუნება, მხოლოდ ჩვენზეა დამოკიდებული, თორემ ევროკავშირის წევრმა ესპანელებმა (ასევე მაგალითად), ყველა ტრადიცია შეინარჩუნეს, რაც კი მათთვის ძვირფასი იყო.

რაც შეეხება ღირებულებებს, სინამდვილეში თანამედროვე ევროპული (თითქმის ყველა ღირებულება), სამწუხაროდ დავიწყებული და ძველი ქართული ფასეულობაა, თორემ ქალთა უფლებებზე ხმამაღლა და საჯაროდ საუბარი საქართველოში ჯერ კიდევ მეხუთე საუკუნეში დაიწყო, ხოლო თანასწორებაზე შეთანხმება ჯერ კიდევ შოთა რუსთაველის ეპოქაში მოხდა ჩვენს ქვეყანაში და მსოფლიოში ყველაზე ადრე, სწორედ საქართველოში გაუქმდა სიკვდილით დასჯა.

მეტიც, ვაჟა-ფშაველას სიბრძნემ და განსხვავებულისადმი გენიალურმა დამოკიდებულებამ, მთელი საუკუნით გაუსწრო დღევანდელი ევროპის საფუძვლებს და შემთხვევითი არ არის რომ ევროკავშირის იდეისა და კონსტიტუციის სამი ავტორიდან ერთი-ერთი ქართველი იყო – სტრასბურგის უნივერსიტეტის პროფესორი მიშელ მუსხელი, რომელიც, სინამდვილეში, მიხეილ მუსხელიშვილი გახლდათ.

თუმცა, ეთნოგენეზის თვალსაზრისითაც უნდა ითქვას, რომ ისინი, ვინც ოცდამეერთე საუკუნეში ევროკავშირი შექმნეს, ევროპაში მოსული სხვა ხალხების ჩამომავლები არიან და, სინამდვილეში, უძველესი და პირველი ევროპელები ჩვენ ვართ – ჩვენი წინაპარი ევროპული ცივილიზაცია აქ, ხმელთაშუა ზღვის აუზში დაიბადა.

უძველესი ევროპული ცივილიზაცია, რომელიც პროტოქართველებმა შექმნეს, კავკასიიდან თანამედროვე ესპანეთის ჩათვლით ვრცელდებოდა. ამიტომაც მღერიან ჩვენსავით მრავალხმოვნად მაგალითად ბასკები თუ კორსიკელები და არა ჩვენი უშუალო ამჟამინდელი მეზობლები და სინამდვილეში, ჩვენ ჩვენს ისტორიულ სახლში ვბრუნდებით...